დღეს წმიდა პატრიკის დღეა. შორეულ ირლანდიაში ალბათ უკვე გამოაგორეს ”გინესის” კასრები, ტურისტებმა და ადგილობრივებმა მოირგეს დიდი, სასაცილო მწვანე ქუდები და ”მსუბუქად ნასვამები” დუბლინის ქუჩებს მოედნენ. ცოტაც და დუბლინში დედა-შვილს ვერ იცნობს, არა მსმელი ბერებიც კი ჩუმ-ჩუმად მოწრუპავენ ღვთაებრივ ”გინესს” ბარძიმიდან. ხოლო ქართველებს რაღა დაგვრჩენია, გარდა იმისა, საბურთალოს ქუჩაზე ცეცხლის ფასად შევიძინოთ ჩვენი წილი ”გინესი” და შინაურულად ჩავუსხდეთ.
თუმცა..არ გადართოთ...”გინესის” სმა ირლანდიური ფოლკ პანკის გარეშე როგორ იქნება?! ხოდა სანამ საბურთალოს ქუჩისკენ ავბარგებულვართ რამდენიმე კარგი ჯგუფის ”საგინესე” სიმღერები გავიხსენოთ.
ალბათ ირლანდიის შეურაცყოფა იქნება სიის სათავეში Dropkick Murphys რომ არ მოვაქციო ეპოქალური ტრეკით I'm Shipping Up to Boston. ამ სიმღერას რომ ვუსმენ ნათლად ვხედავ როგორ შემოაქვთ ოთახში ”გინესის” კასრი, თეთრწინსაფრიან მიმზიდველ მანდილოსანს კათხები მოაქვს, ბიჭები კი ყელში წაჭერილ ჰალსტუხებს ვიმსუბუქებთ, რა არის რომ სითხე შეუფერხებლად ჩავიდეს ორგანიზმში.
Dropkick Murphys რა თქმა უნდა პრელუდიაა. პირველი ხუთი კათხის მანძილზე რომ გითანამგზავრებს. მეექვსე კათხას უკვე Les Ramoneurs de menhirs- Dañs Gwadek უხდება. ეს ის სტადიაა, ოთახი რომ გეპატარავება და ცეკვისას შესრულებული ყოველი ილეთი ექსკლუზიურად იმ წუთისთვის რომ არის გამოგონილი. ტემპის შენარჩუნება Gogol Bordello-ს გარეშე ვერ გამოვა. მართალია ბოლომდე კელტური პანკი არ არის, მაგრამ სიტუაციას მაინც მოუხდება. განსაკუთრებით Super Taranta. ამ ტრეკში შალახოს მოტივებია გამოყენებული და ალკოჰოლ მოჭარბებულ პატრიოტებს ალბათ განსაკუთრებით მოეწონებათ.
ბოლოსკენ, სადღაც მეგობრების ან დედმამიშვილების სადღეგრძელოს შესმისას ულაპარაკოდ Orthodox Celts უნდა იყოს ჩართული. მათი ლირიული Green Roses ალბათ საუკეთესო საჩუქარი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ”გინესის” დალევა უნდა მაგრამ ვერ სვავს.
დასასრულს, როცა გარშემო ცარიელი კასრების და ქაფ შემხმარი კათხების გარდა აღარაფერია, Street Dogs-ის გამოსამშვიდობებელი კომპოზიცია Final Transmission შეავსებს სიტუაციას. ამ სიმღერის ფონზე მეგობრები უფრო გულთბილად ჩაეხუტებიან ერთმანეთს დამშვიდობებისას.
Recent Comments